ვინ გახდება საქართველოს გენერალური პროკურორი – საპროკურორო საბჭო 11 კანდიდატურას განიხილავს. მათ შორის ორი პარტია „საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატია, აპლიკანტთა სიაშია ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე, ასევე ყოფილი პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი. კონსულტაციების დასრულების შემდეგ, საპროკურორო საბჭომ პირველი სხდომა უკვე გამართა.
საბჭომ ერთიან სიაში შეყვანილ ხუთ პირს სათანადო დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო დაუდგინა ხარვეზი და მის აღმოსაფხვრელად ვადა 3 ივლისის ჩათვლით განუსაზღვრა. პროკურორობის მსურველ ყველა პირთან საპროკურორო საბჭო ჩაატარებს ინდივიდუალურ გასაუბრებას, რომელიც ჩაიწერება, შემდეგ კი აუდიომასალა საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება. გარდა ამისა, გასაუბრების პროცესის ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, პროცესი „ლაივსტრიმით“ გადაიცემა.
რაც შეეხება კენჭისყრას, პროცესი ფარულია. საბჭო პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის, გამოცდილების, ზნეობისა და მორალური ღირებულებების გათვალისწინებით, შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ სამ კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. ინტერვიუები აპლიკანტებთან 4 ივლისს, დილის 11 საათიდან დაიწყება.