კოორდინაცია თუ გაერთიანება – სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც ექსპრეზიდენტთან გამართული შეხვედრების მიზანი არა ოპოზიციის გაერთიანება, არამედ ძლიერი კოორდინაცია იყო, წყალგამყოფი აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“.
თუ აქამდე ოპოზიცია ზურაბიშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად აცხადებდა, ყოფილი სახელისუფლებო პარტიისთვის დღეს ის პრეზიდენტი აღარ არის. უფრო მეტიც, როგორც ირკვევა პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ექსპრეზიდენტს ოპოზიციური პარტიების გაერთიანების გზაზე დაბრკოლებად მიიჩნევს. სალომე ზურაბიშვილთან ერთად ხაბეიშვილი ვერ შემდგარ გაერთიანებაში გახარიას პარტიის ბრალეულობასაც ხედავს და პირდაპირ აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალი პოლიტიკური ნაბიჯები დაკავშირებული იქნება არა თავდაცვის, არამედ თავდასხმის პოზიციასთან. „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას ერიდებიან სხვა ოპოზიციური პარტიები და თანხმდებიან, რომ ექსპრეზიდენტი დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.
რა ფორმით გაგრძელდება ოპოზიციური პარტიებისა და პრეზიდენტის თანამშროლობა, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა, მანამდე კი ბარიერგადალახული პარტიები ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს შეხვდნენ და გაბრიელიუს ლანდსბერგისისგან რჩევებიც მიიღეს.