გაზის გაჟონვის ფაქტი თბილისში

თბილისში სამი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. გლდანის მერვე მიკრორაიონში, ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონსა და  ვაზისუბნის დასახლება 8-ში მომხდარი ინციდენტები იდენტურია. სამივე შემთხვევაში, მობინადრეებმა უყურადღებოდ, ჩართულ მდგომარეობაში დატოვეს გაზის ონკანები, საიდანაც ბუნებრივი აირი ჟონავდა და ოთახში გროვდებოდა. „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის 114 -ის თანამშრომლებმა, სადარბაზოები და ლიფტის შახტები ლაზერული აპარატით შეამოწმეს, გაზი გადაკეტეს და საცხოვრებელი ფართი გაანიავეს.  სამივე  კორპუსში ათეულობით ოჯახი ცხოვრობს, რომელთა უსაფრთხოება და სიცოცხლე რისკის ქვეშ დადგა.  „თბილისი ენერჯი“ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ  დაიცვან ბუნებრივი აირის მოხმარების წესები, არ დატოვონ ონკანები ჩართულ მდგომარეობაში და გაუფრთხილდნენ ოჯახის წევრებისა და მათი მეზობლების სიცოცხლეს.