გავრცელებული ფაილების საქმე - გამოხმაურება

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის განცხადებას, რომლის თანახმადაც ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს და ამ შეხვედრაზე გამოითქვა სერიოზული შეშფოთება უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით, საგარეო უწყება განცხადებით ეხმაურება. დიპლომატებს მიაჩნიათ, რომ ამგვარი ქმედება საქართველოში ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას ზიანს აყენებს.  სამინისტრო განმარტავს, რომ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების დაინტერესება და მკაფიო პოზიცია, დადგინდეს სიმართლე გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ, რისთვისაც საქართველოს პროკურატურამ მყისიერად დაიწყო საპროცესო მოქმედებები.   საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში წერს, რომ დიპლომატებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც მათ შორის გულისხმობს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული მასალების ავთენტურობის და მათი წარმომავლობის დადგენას. ამასთან, შეხვედრაზე  აღინიშნა, რომ საგამოძიებო ორგანომ, საპროცესო მოქმედებების დაწყებისთანავე სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს, შესაბამისად შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოითქვა მზაობა, რომ საქართველო ღიაა დამატებით მიიღოს სამართლებრივი დახმარება სხვა დაინტერესებული საერთაშორისო პარტნიორებისგან.

დიპლომატიური კორპუსის განცხადებას პარლამენტშიც გამოეხმაურნენ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ მნშვნელოვანია გამოძიებამ გაარკვიოს, რასთან გვაქვს საქმე. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ დიპლომატების შეშფოთებას აქვს საფუძველი თუმცა, დარწმუნებულია, რომ გამოძიება ყველაფერს ნათელს მოჰფენს და ამ კუთხით უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ალეკო ხოჯევანიშვილის ბრალეულობას გამოიკვლევს. თავის მხრივ პარტიაში საქართველოსთვის აცხადებენ, რომ მმართველი პარტია კეთილსინდისიერ სახელმწიფო მოხელეებს დაუმსახურებლად სდებს ბრალს.