გასტრონომიის ეროვნულმა სააგენტომ დარგობრივი შეხვედრები დაიწყო
გასტრონომიის ეროვნულმა სააგენტომ დარგობრივი შეხვედრები დაიწყო. პირველ შეხვედრაში, რომელიც ქართული ყველის ტრადიციული წარმოების საკითხებს მიეძღვნა, გასტრონომიის მკვლევრები, ყველის მწარმოებლები, ფერმერები, მეცნიერები, დარგობრივი ასოციაციების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე ქართული ყველის წარმოების მრავალფეროვანი ტრადიციების დაცვის, მათი შესწავლის, დოკუმენტირებისა და პოპულარიზაციის საკითხებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სხვადასხვა რეგიონში არსებული უნიკალური ცოდნისა და პრაქტიკის შენარჩუნებას, ასევე დარგის განვითარების შესაძლებლობებს. ქართული ყველის ტრადიციული წარმოების ეროვნული აღიარების მიმართულებით მუშაობასთან ერთად, შეხვედრაზე განიხილეს ასევე სამომავლოდ მისი UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში წარდგენის შესაძლებლობაც. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართული ყველის ავთენტურობის დაცვის მექანიზმების შექმნის, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და მწარმოებელთა მხარდაჭერის აუცილებლობას.