გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული გეგმის წარდგენა – მისასალმებელი სიტყვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა. სამინისტროს პოზიციაა, რომ კლიმატის ცვლილების მზარდი გავლენის კვალდაკვალ ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება, კლიმატის რისკების შეფასების გაუმჯობესება და სხვადასხვა სექტორში გრძელვადიანი, მდგრადი განვითარების მიდგომების დანერგვა. კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმა ქვეყნისთვის პირველი სისტემური ჩარჩო-დოკუმენტი იქნება, რომელიც უზრუნველყოფს ადაპტაციის ღონისძიებების გრძელვადიან დაგეგმვას, კოორდინაციასა და მათ ინტეგრაციას ეროვნულ და სექტორულ პოლიტიკაში. პროცესის შედეგად მომზადდება ათწლიანი სტრატეგიული ხედვა და ხუთწლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა.