პოლიტიკური სპექტრი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების აქტიურ ფაზაზე გადადის.
საარჩევნო პროგრამების და სიების შესადგენად ცალკეული პარტიები შიდა კონსულტაციებს იწყებენ. მათ შორისაა მმართველი გუნდი, რომელიც მომავალ საპარლამენტო შემადგენლობასა და ახალ სახეებზე ჯერ არ საუბრობს, თუმცა სავარაუდო პოლიტიკურ პარტნიორებზე ირიბ მინიშნებებს აკეთებს. სახელისუფლებო პარტიაში არ უარყოფენ, რომ 2020 წელს პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარებულმა არჩევნებმა შესაძლოა დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის შექმნის საკითხი დააყენოს. ახლა ყველაზე აქტუალური კითხვაა: თუ მომავალ არჩევნებზე საპარლამენტო უმრავლესობას ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ მოიპოვებს, ასეთ შემთხვევაში ვის მოიაზრებენ პარტიები შესაძლო პარტნიორად, უმრავლესობის და კოალიციური მთავრობის ფორმირების მიზნით.
მთავარმა პოლიტიკურმა აქტორებმა მოკავშირეების შერჩევის საკუთარი პირობები და კრიტერიუმები უკვე დაასახელეს.