განათლების რეფორმის განხილვა პარლამენტში 

ოპონენტების კრიტიკის მოსმენა მოუხდა დღეს პარლამენტში მისულ განათლების მინისტრის მოადგილეს.

ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, უმაღლესი და ზოგადი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღეს. რეფორმის ფარგლებში დაანონსებულ გეგმებს გიორგი გახარიას პარტია ნაჩქარევად მიიჩნევს და შესაბამისი სფეროების წარმომადგენლებთან კონსულტაციებს ითხოვს. კანონპროექტები უნივერსიტეტების რეორგანიზაციის წესს ადგენს, აკადემიურ საზოგადოებაში ჩნდება ახალი სტატუსიც წამყვანი პროფესორის სახით. ზოგადი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილი მთავარი ცვლილება კი სწავლების 11-წლიან სისტემაზე გადასვლას და მე-12 კლასის ნებაყოფლობით დაშვებას გულისხმობს. სიახლეა პირველკლასელების რეგისტრაციის და სასწავლო ფორმების კუთხითაც. იცვლება სახელმძღვანელოების შექმნის წესი და იზღუდება გაკვეთილების დროს მობილური ტელეფონების გამოყენება. დაჩქარებული წესით განხილვის დროს კითხვები ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც დაისვა.