განათლების რეფორმა – პრემიერის ინტერპელაცია
საზოგადოებაში არსებული არაერთგვაროვანი და კრიტიკული დამოკიდებულების გათვალისწინებით, არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა ინტერპელაციის მეორე ნაწილი.
უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებული კითხვებით, მთავრობის ხელმძღვანელს ისევ მმართველმა პარტიამ მიმართა. განათლების ხარისხის დაბალი დონე, ინფრასტრუქტურული პრობლემები, აცდენა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და კვალიფიციური კადრების დეფიციტი – ეს იმ არგუმენტების მხოლოდ ნაწილია, რის გამოც, პრემიერი უმაღლესი განათლების სისტემის თვისებრივად გარდაქმნას აუცილებლად მიიჩნევს. რეფორმა ორ ეტაპად იყოფა. პირველი ფაზა რომელიც ოთხი, ხუთი წლის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს, რეგიონული უმაღლესი სასწავლებლების განვითარებას, ქუთაისის რიგით მეორე განათლების ქალაქად გარდაქმნას, ბაზრის კვლევას, მოთხოვნადი პროფესიების იდენტიფიცირებას და ხარჯების ოპტიმიზაციას ითვალისწინებს. დღეს, კიდევ ერთხელ განიმარტა 12-კლასიანი სასკოლო განათლების 11-მდე შემცირების მიზეზები და ითქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში სპეციალური მე-12-ე კლასები საჯარო სკოლებში გაიხსნება. დაგეგმილი რეფორმის მთავარ მიზნად, საქართველოში ევროპული დონის განათლების სისტემის ჩამოყალიბება სახელდება.
განმარტებების მიუხედავად, ისევ კრიტიკული იყო ოპოზიციის შეფასება.