განაცხადები ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ცესკო-ს ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე ღია კონკურსი გრძელდება. განაცხადების მიღება გუშინ დაიწყო, თუმცა, ამ დრომდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არც ერთი მსურველია რეგისტრირებული. საკონკურსო კომისიის წევრები აქტიურობას ბოლო ორი დღის განმავლობაში ელოდებიან.

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველების რეგისტრაციის ვადა სამშაბათს იწურება. ამის შემდეგ კომისიას ორი დღე ექნება, რომ თითო ვაკანტურ პოსტზე მინიმუმ ორი და არაუმეტეს სამი კანდიდატი შეარჩიოს და პრეზიდენტს წარუდგინოს. იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი მათ გადაწყვეტილებას დაეთანხმება, თითო ვაკანტურ პოსტზე ორ კანდიდატს უკვე პარლამენტს წარუდგენს.

გასულ თვეში მიღებული საარჩევნო ცვლილებების მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების ხუთი წლის ვადით არჩევას საკანონმდებლო ორგანოს სიითი შემადგენლობის 2/3-ის თანხმობა, ანუ 100 ხმა სჭირდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მათ უბრალო უმრავლესობით, 76 ხმით დაამტკიცებენ, უფლებამოსილების ვადა მხოლოდ ექვსი თვე იქნება.