ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის საფრთხე იზრდება – მოკლულია „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი. ვეტერანთა რეზიდენცია, სადაც ისმაილ ჰანიე იმყოფებოდა, გამთენიისას სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა. თავდასხმამდე საათებით ადრე, ჰანიე ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იმყოფებოდა. პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ისრაელს შურისძიებით ემუქრება. მუქარისშემცველი გზავნილები ისმის თეირანიდანაც.
პალესტინური ორგანიზაციები პალესტინელებს მასობრივი დემონსტრაციებისკენ მოუწოდებენ. „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის ლიკვიდაციაში ისრაელს ადანაშაულებენ. ოფიციალური თელ-ავივი ამ დრომდე დუმს. ჰანიემ ღაზის სექტორი წლების წინ დატოვა, ის კატარში ცხოვრობდა. აპრილში ღაზის სექტორში ისრაელის ავიაიერიშების დროს ჰანიეს შვილები და შვილიშვილები დაიღუპნენ.