გამოთხოვება პატრიარქთან - ვინ სად ხედავს ქართველ ხალხს   

ქვეყნის სულიერი წინამძღოლი და ისტორიული ფიგურა, რომელმაც მდიდარ სულიერ მემკვიდრეობასთან ერთად ერს არაერთი დარიგება და შეგონება დაუტოვა.

მთავარი მოწოდება იყო ურთიერთსიყვარული, მიტევება და ერთობა. ერთიანობა კი ყველაზე ნათლად გამოჩნდა ქვეყნისთვის უმძიმეს დღეებში, როცა საქართველო 141-ე პატრიარქს გლოვობს. ილია მეორის მიმართ უდიდესი სიყვარული, პატივისცემა, ნდობა, მისი გავლენა და ავტორიტეტი საქართველოს სცდება, რასაც 17 მარტის შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებული წერილების შინაარსი და ავტოკეფალური ეკლესიების წარმომადგენელთა ემოციებიც მოწმობს. სამძიმრის წერილებში პირადი კავშირების და განსაკუთრებული დამოკიდებულების გარდა ნათლად იკითხება ის დიდი ავტორიტეტი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ჰქონდა. გლოვის დღეებში ქვეყანამ სამძიმარი მიიღო სახელმწიფო მეთაურებისა და პოლიტიკური ლიდერებისგანაც. თუმცა მათ შორის არ იყვნენ ევროკავშირის ხელმძღვანელი პირები და ევროპული ქვეყნების მეთაურები, რაც მმართველ გუნდს ყურადღების მიღმა არ დარჩენია. მითუმეტეს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მანამდე საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ ყველა განცხადებასა და გზავნილში ქართველი ხალხისადმი თანადგომას უსვამენ ხაზს. ხელისუფლების პრეტენზიები არ ვრცელდება ევროპის ქვეყნების ელჩებზე, რომლებიც 22 მარტს პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ.