გამოძიების მტკიცებულებები ჩიკვაიძის საქმეზე

საქართველოს პროკურატურა გიორგი ჩიკვაიძის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ნაწილს ასაჯაროებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კუთვნილ კომპანია „რამსეს ჯორჯიან იახტინგ პლატფორმსს“ და „ელთ ბილდინგს“ შორის იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, „ელთ ბილდინგმა“ „რამსეს“ ანგარიშზე ჩარიცხა იახტის ღირებულების საფასური, თუმცა გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა პირობა არ შეასრულეს და კომპანიას იახტა არ მიაწოდეს.

თავად ბრალდებული ჩიკვაიძე პოლიტიკურ შევიწროებაზე საუბრობს, რაც შეეხება დაზარალებულს, „მოამბესთან“ ინტერვიუში ვალერი გურგენაძემ განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ ბრალდებულების კომპანიის ანგარიშზე ოთხი ჩარიცხვა განახორციელა, თუმცა თანხები არამიზნობრივად გაიხარჯა. დაზარალებული ჰყვება, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ბრალდებულისგან სხვადასხვა დაპირებას იღებდნენ, თუმცა იახტა დღემდე არ მიუღია.