ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული სხვადასხვა დანაშაულებთან ერთად იგეგმებოდა უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და დაფინანსებით. საქმესთან დაკავშირებით, უწყებაში გამოკითხვები მიმდინარეობს.
უწყების მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია: მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე. ასევე, უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით დაგეგმილ დანაშაულებრივ ქმედებებს შორისაა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადება. რისი მიზანიც ქვეყანაში არეულობის მოწყობისა და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.