გამოძიება ხელისუფლების შეთქმულების გზით დამხობის ფაქტზე

არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე დაწყებული გამოძიება პოლიტიკური ურთიერთბრალდებების კიდევ ერთი თემაა.

დღეს მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს სუს-ის უფროსი. გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ გუშინდელი აუდიოჩანაწერის გავრცელების მიზანი პრევენცია და მოქალაქეების გაფრთხილებაა, რადგან სისხლისღვრაც მოსალოდნელი იყო. საუბარია აუდიომასალაზე, სადაც ძიების მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბესო წერედიანი გლდანის სამკურნალო დაწესებულებისკენ მიმავალი გზების ბლოკირებაზე, ქაოსზე და მაიდნის გამეორების აუცილებლობაზე საუბრობს. თუ გამოძიებას დავეყრდნობით, ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შემთხვევაში იგეგმება მისასვლელი გზების ჩახერგვა, უკონტროლო სიტუაციის შექმნა და ამ გზით ეტაპირების პროცესისთვის ხელშეშლა. ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე ჯერ არავინ დაუკითხავთ, რადგან გამოკითხვაზე დაბარებულებმა სუს-ში მისვლაზე უარი თქვეს. ამიტომ ისინი მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან.