გამკაცრებული რეგულაციები 

ახალი რეგულაცია უნდა ამოქმედდეს დევნილებისთვის.

თუ იძულებით გადაადგილებული ოჯახები კერძო ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობებში შეიჭრებიან და საცხოვრებელი ფართის მიღებას ამ გზით შეეცდებიან, ბინებით დაკმაყოფილების შანსთან ერთად 45-ლარიან ყოველთვიურ შემწეობასაც დაკარგავენ. კანონში ცვლილების მიზეზად შენობებში დევნილების შეჭრის ფაქტების გახშირება და ბოლო ხუთი თვის სტატისტიკა სახელდება. მოსალოდნელ რეგულაციებს ნეგატიური რეაქციები მოჰყვა დევნილების მხრიდან, მათ შორის იმ ოჯახებისგანაც, რომლებიც ახლაც სხვის საკუთრებას იკავებენ და შენობების დატოვებას არ აპირებენ. ამ დროისთვის ბინების მიღების მიზნით განაცხადი 30 000-მდე ოჯახს აქვს შეტანილი, თუმცა მრავალწლიან რიგში უპირატესობა მაღალი ქულების მქონე ოჯახებს ენიჭებათ.