გამჭვირვალობის საკითხი ევროპულ დღის წესრიგში
რაში და რამდენად მიზნობრივად იხარჯება ევროკავშირის სახსრები – ევროპარლამენტის ორი პოლიტიკური ჯგუფის ანგარიშის პროექტის შინაარსი საქართველოს ხელისუფლებისთვის ბრიუსელის ორმაგი სტანდარტის მორიგი გამოვლინებაა.
საქართველოში აქტიური დისკუსია გამოიწვია დოკუმენტმა, რომლის შინაარსს გამოცემა „პოლიტიკო“ ასაჯაროებს. გამოცემის ცნობით, ევროპის სახალხო პარტია და ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმატორთა წევრები ევროკომისიას ლობირებისთვის თანხების გამოყოფის აკრძალვისკენ და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი გრანტების გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ. მოთხოვნილია ფინანსური რესურსების ხარჯვის მონიტორინგის გამკაცრებაც. პროექტი ამ მიმართულებით გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო ევროკომისიის კრიტიკასაც შეიცავს. ევროპარლამენტართა მოთხოვნებმა ,,ქართულ ოცნებას” იმავე ფინანსური გამჭვირვალობის მიზნით საქართველოში მომზადებული და მწვავე პროტესტის ფონზე დამტკიცებული ცნობილი კანონი გაახსენა, რომლის გაუქმება სამოქალაქო საზოგადოების დევნის არგუმენტით სწორედ ევროპარლამენტის დღის წესრიგიდან ამ დრომდე არ იხსნება.