გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბრალდებულის სტატუსი ექნება „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ ყოფილ პრემიერს – თვეების წინ გერმანიაში წასული გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

მთავრობის ექს-მეთაურის ინტერესებს მისივე თანაპარტიელი, ბერდია სიჭინავა დაიცავს, რომელიც ამ წუთებში საქმის მასალების გასაცნობად პროკურატურაში იმყოფება. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანების ორგანიზება – ყოფილ პრემიერ-მინისტრს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიების საგანია 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის დაშლის ოპერაცია, რომელსაც შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა და 2019 წლის აგვისტოში ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს გახსნა. 20 ივნისის მოვლენებზე საქმე მაშინვე აღიძრა, თუმცა მაშინ გახარიას სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა – სამ თვეში ის პრემიერის პოსტზე წარადგინეს. ხელახალი გამოძიების მიზეზად ხელისუფლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2024 წლის მაისის გადაწყვეტილებას ასახელებს.

თათია ტაბეშაძე გვეტყვის, რა ახალი გარემოებები გამოიკვეთა იმ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რომლებიც დაზარალებული დემონსტრანტების მონაწილეობით ზაფხულში დაიწყო.