გახარიას გამოკითხვა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე

ყოფილი პრემიერის დისტანციური ჩართვა პარლამენტში.

დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე გიორგი გახარიას გამოკითხვა ცხარე კამათის და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. შეკითხვები ძირითადად ჩორჩანაში 6 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე დაისვა. შეთანხმებული იყო თუ არა 2019 წლის აგვისტოში სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს გახსნა შესაბამის უწყებებთან და დაკარგა თუ არა ქვეყანამ შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის გადაწყვეტილების გამო დამატებით ტერიტორია – გახარიას პასუხები სუს-ის მაშინდელი ხელმძღვანელის განცხადებას არ დაემთხვა. ყოფილმა პრემიერმა კომისიის ინტერესი პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად შეაფასა, ვახტანგ გომელაურს კი ცრუ მოწმე უწოდა. გახარიას განცხადებების მიხედვით, ჩორჩანასთან დაკავშირებული გეგმა თავის დროზე მასა და სუს-ის მაშინდელ უფროსს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. ვითარება არანაკლებ დაიძაბა მაშინ, როცა კომისია დაინტერესდა, რატომ დატოვა ოპოზიციონერმა ლიდერმა საქართველო კომისიაზე დაბარების შეტყობინებიდან ორ დღეში და აქვს თუ არა მტკიცებულება, რომ ვიზიტი ევროპის ქვეყნებში თვეებით ადრე იგეგმებოდა.