პროკურატურაში მიმდინარე ჩორჩანას ეპიზოდის გამოძიებას გამოეხმაურნენ გახარიას პარტიის წევრები. ანა ბუჩუკურმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა და „ნაციონალურ მოძრაობას“ სამარცხვინოდ წარუმატებელი უწოდა. ბუჩუკური წერს: „არცერთ „ნაცს“, არცერთს, არ უთქვამს, რომ ჩორჩანას თემით „ოცნება“ ატარებს მოღალატეობრივ ნარატივს და ედავება ყოფილ შს მინისტრს, გახარიას, რატომ დაიცავი სახელმწიფოს ტერიტორიაო. ამიტომ არის 13 წელი „ნაცმო“ სამარცხვინოდ, სასაცილოდ წარუმატებელი.”- ამბობს ბუჩუკური. თეონა აქუბარდია კი აცხადებს, რომ ჩორჩანასთან ქართული საგუშაგოს აღმართვა საოკუპაციო ძალების შემაკავებელი ფაქტორი იყო.
გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, მათ შორის სხვა საკითხებთან ერთად, შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს, სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი
გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება და საგუშაგოს მშენებლობა. უწყება არ გამორიცხავს, რომ გამოსაკითხ პირთა წრე გაფართოვდეს.