„გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“ თანამშრომლობა - შეფასებები

„3 თვეში გარდამტეხი ბრძოლა გველოდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ დავტოვოთ ოპოზიციური ამომრჩეველი არჩევნების გარეშე და ხელი არ შევუწყოთ იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უპრობლემოდ დაისაკუთროს ყველა ქალაქისა თუ რეგიონის ადგილობრივი წარმომადგენლობა“ – აღნიშნული მიმართვა მამუკა ხაზარაძემ საპატიმროდან სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც „ლელოსა“ და „გახარიას პარტიებს შორის მემორანდუმს მიესალმება.

„ჩვენ, „ლელო-ძლიერი საქართველო“, ყოველთვის ვიყავით ერთობის ინიციატორები. დღეს, როდესაც ქვეყანას რუსული პოლიტიკა სრულიად იპყრობს, ყველაფერი პირადი უკან უნდა გადავწიოთ და ვიფიქროთ ერთობლივ ბრძოლაზე. ეს მემორანდუმი სწორედ ამის დასტურია,“ – ნათქვამია წერილში.

„ლელოსა“ და გიორგი გახარიას პარტიას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. გახარია-„ლელოს“ ერთობა კრიტიკის საგანია ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიების მხრიდან. მმართველი გუნდის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საზოგადოების მოტყუების კიდევ ერთი მცდელობაა.

შეგახსენებთ, რომ ხელმოწერილი მემორანდუმით ორი პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ არ იქნებიან ერთმანეთის კონკურენტები, იმოქმედებენ კოორდინირებულად და შეეცდებიან მერობისა თუ მაჟორიტარი დეპუტატობის ნეიტრალურ კანდიდატებზე შეთანხმებას.