გაფრთხილება “ლეოგრანდის” ადმინისტრაციას  

მასშტაბური ხანძრიდან ცხრა თვის შემდეგ ბათუმში მდებარე სასტუმრო “ლეოგრანდმა ფუნქციონირება უნდა შეწყვიტოს. ასეთია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნა. უწყებამ სასტუმროს ადმინისტრაციას შენობის დასაცლელად ორდღიანი ვადა მისცა. სასტუმროს მენეჯმენტი ჯერ დუმს, პერსონალისთვის კი მოთხოვნა გაუგებარია.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო დავის ფონზე სასტუმრო მაისამდე დახურული იყო. მაისიდან კი “ლეოგრანდმა” ფუნქციონირება ახალი სახელწოდებით – ველმონდით განაახლა. თუმცა, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, მაისის შემდეგ სახანძრო უსაფრთხოების ნორმები სასტუმროში სამჯერ შეამოწმეს, გაცემული რეკომენდაციების ნაწილი კი ამ დრომდე არ არის შესრულებული. კერძოდ, სასტუმროში კვლავ რჩება ცეცხლის სწრაფად გავრცელების საფრთხე და დამონტაჟებული ისევ არ არის კვამლსაწინააღმდეგო სისტემა.