ზუგდიდში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ ორგანიზებით მიმდინარე ფორუმის წევრებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეხვდა.
მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის განვითარების მიმართულებით სამეგრელოს შესაძლებლობებზე ისაუბრა და ამ სექტორში ქალბატონების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება. ფორუმში 100-მდე ადგილობრივი მეწარმე, ფერმერი ქალი მონაწილეობს. ფორუმი სამეგრელო-ზემო სვანეთის ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების გაძლიერებასა და აქტიურ ჩართულობას ემსახურება.
შეხვედრების ფარგლებში, ქალ მეწარმეებს საშუალება აქვთ, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო კონსულტაციები თუ რჩევები ტურიზმისა და მარკეტინგის ექსპერტებისგან მიიღონ და სამომავლო კონტაქტიც დაამყარონ.