ფრიდრიხ მერცი არასამთავრობოების შემოწმებას გეგმავს - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
გერმანიაში მიმდინარე მოვლენები, კონკრეტულად ფრიდრიხ მერცის გადაწყვეტილება, რომ შემოწმდეს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ დიდი განსხვავებაა, როდესაც დემოკრატიულ ქვეყანაში ამოწმებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და როდესაც ეს ხდება დიქტატურისას. ნაწილი აღნიშნავს, რომ შიდა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით რას აპირებს გერმანიის ახლად არჩეული მთავრობა, მათთვის არასაინტერესოა. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის პრობლემა მთელ მსოფლიოში არსებობს.
შეგახსენებთ, მერცის პარტიამ შეიტანა მოთხოვნა, რომელიც მიმართულია მესამე სექტორის საქმიანობაზე და რომელშიც არის 551 საპარლამენტო შეკითხვა. „პოლიტიკო“ წერს, რომ კრიტიკოსებმა გამოძიება შეაფასეს, როგორც თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე.