ფქვილზე საიმპორტო გადასახადი სექტემბრამდე გაგრძელდება

ფქვილზე საიმპორტო გადასახადი სექტემბრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ლევან სილაგავას თქმით, ამ გადაწყვეტილებით ბაზარზე სტაბილური მდგომარეობა კვლავ შენარჩუნდება. სილაგავას განცხადებით, საიმპორტო გადასახადის დადგენილებამ სერიოზულად იმუშავა და ხელი შეუწყო ბაზარზე არსებულ სტაბილიზაციას. მისივე თქმით, წელს ხორბლის ფასი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა და ერთი ტომარა ფქვილი ფასი 48- 50 ლარამდე მერყეობს, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 15 ლარით ნაკლებია. მისივე თქმით, წელს მსოფლიოში ხორბლის მაღალ მოსავალს ელოდებიან, რაც იმის წინაპირობაა, რომ გამოწვევები ხორბალთან დაკავშირებით არ უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ ხორბალთან დაკავშირებით საიმპორტო გადასახადი 2023 წლის ივნისიდან დაწესდა.