„ფინანსური პირამიდა“ – ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
მოქალაქეებს შესაძლო ფინანსურ მაქინაციებსა და მოსალოდნელ ზარალზე აფრთხილებენ. როგორც ჩანს, სოციალურ ქსელებსა და ონლაინ-სივრცეში კონკრეტულ თაღლითურ სქემაში ჩართვაზე შეთავაზებები იმდენად გახშირდა, რომ ეროვნულმა ბანკმა მომხმარებლებს თავდაცვის ზომებზე მიუთითა. საქმე ეხება კრიპტოვალუტებით ვაჭრობაზე ბოლო დროს გააქტიურებულ კამპანიებს. გავრცელებული ცნობით, მოქალაქეებს თანხების დაბანდებას და სერიოზულ მოგებას ჰპირდებიან. ქვეყნის ცენტრალური ბანკი კონკრეტულ სქემას ფინანსური პირამიდის მოდელად მიიჩნევს და მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ თანხის დაკარგვის რისკები საკმაოდ მაღალია. სქემა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოზიდვაზეა ორიენტირებული, რის გამოც, სებ-ი მომხმარებლებს შეთავაზებების ავტორი კომპანიების გადამოწმებისკენ მოუწოდებს. როგორც ირკვევა, თაღლითურ სქემას უკვე ჰყავს ათეულობით დაზარალებული.