ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების სოფლებში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე. რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტები მათ ადგილზე დაათვალიერეს, რომელთა განხორციელებაც ამჟამად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს.
მათ შორის იყო სოფლების დამაკავშირებელი ხიდების მშენებლობა, მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები, საავტომობილო და შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია და სოფლების გაზიფიცირების პროცესი. ადგილობრივებთან საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საზოგადოებასთან კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველა მნიშვნელოვანი რეფორმის შესახებ გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ჩართულობის შედეგად მიიღებს.