ფერმერების პროტესტი ბრიუსელში

ევროკავშირის სამიტის პარალელურად, ბრიუსელში ევროპარლამენტთან დაპირისპირება მოხდა ფერმერების საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის. შეკრებილებმა კვამლის ბომბები, ქვები და კარტოფილი ესროლეს სამართალდამცველებს, ასევე დაწვეს საბურავები და სხვა ნივთები, და ჩაამსხვრიეს შენობების მინები. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხელკეტები გამოიყენა. ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულების და დაშავებულების შესახებ. ასობით ფერმერმა ბრიუსელში ტრაქტორები ჩაიყვანა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით გზები გადაკეტა. ბრიუსელის პოლიცია აცხადებს, რომ იყო მხოლოდ 50 ტრაქტორის ჩამოყვანის ნებართვა, თუმცა, აქციაზე ათასამდე მანქანა მიიყვანეს. ფერმერები სამხრეთ ამერიკის ბლოკთან, „მერკოსურის“ ქვეყნებთან სავაჭრო შეთანხმებას აპროტესტებენ. ევროპელი ფერმერები შიშობენ, რომ არგენტინასთან, ბრაზილიასთან, პარაგვაისთან და ურუგვაისთან სავაჭრო შეთანხმების ამოქმედება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ჭარბად შემოსვლას და ადგილობრივი საქონლის გაიაფებას გამოიწვევს.