ფარმაცევტულ ბაზარზე ცვლილებები იწყება

ფარმაცევტულ ბაზარზე მასშტაბური ცვლილებებია მოსალოდნელი.

აზარტული თამაშების შეზღუდვის შემდეგ მთავრობა უკვე ამ სფეროს რეგულირების გამკაცრებას აანონსებს. მთავარი ამოცანა წამლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამ მიზნით თურქეთის ბაზრის გახსნა და იქიდან მედიკამენტების დაბალ ფასში შემოტანა იგეგმება. რატომ იზრდება საქართველოში წამლების ფასი –  ბაზრის ხუთწლიანი კვლევის შემდეგ კონკურენციის სააგენტომ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა და 13 რეკომენდაცია წარმოადგინა. ფარმაცევტულ ბაზარზე დომინანტი კომპანიების არსებობა, ექიმებსა და ფარმაცევტულ ქსელებს შორის შესაძლო გარიგებები, ელექტრონული რეცეპტების არ არსებობა და ჯენერიკების არ შეთავაზება – ეს საკითხები ანგარიშში მთავარ გამოწვევებად სახელდება. ამავე დოკუმენტის მიხედვით, მოქალაქის ჯიბიდან სამედიცინო მომსახურებაზე გადახდილი თანხების უდიდესი ნაწილი სწორედ წამლებზე მოდის.