FARA-ს ანალოგის ინიციატივა ევროპარლამენტში

მწვავე პროტესტის შემდეგ ჩაგდებული კანონპროექტის გარშემო დაპირისპირება პოლიტიკურ დღის წესრიგში ბრუნდება.

თემა ამჯერად „ევროპის სახალხო პარტიის“ რამდენიმე დეპუტატის წერილმა გაააქტურა. EPP-ის სამი წევრი ითხოვს, ამერიკაში მოქმედი უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტის ევროპული ანალოგი მომზადდეს. საუბარია იმ კანონზე, რომლის ქართული თარგმანის ინიცირებას ორი კვირის წინ საპროტესტო მღელვარება და აქციები მოჰყვა. ინიციატორი ევროპარლამენტარები საკუთარ მოთხოვნას ევროპარლამენტში ცოტა ხნის წინ აგორებული კორუფციული სკანდალით და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური კონტროლის აუცილებლობით ამყარებენ, რომლებიც პოლიტიკური ინტერესებით მოქმედი ჯგუფების მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედებებისთვის შეიძლება იყვნენ გამოყენებული. არაგამჭვირვალე ორგანიზაციების მხრიდან ევროკავშირის ინსტიტუტების მოტყუების აღსაკვეთად ანალოგიური პოზიცია აქვთ ევროპარლამენტის სოციალისტთა ალიანსის წევრებსაც. EPP-ის ინიციატივა „ქართული ოცნებისთვის“ კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ოპოზიციამ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების გარშემო მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანა.