ევროპული საბჭოს სამიტი

ბრიუსელში გადამწყვეტი მოლაპარაკებები დაიწყო.

ევროპული საბჭოს ისტორიულ სამიტზე უნდა გადაწყდეს, მიანიჭებენ თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. წინასწარი განწყობები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას ევროპელი ლიდერები მხარს უჭერენ და სტატუსის მისაღებად ჩატარებულ სამუშაოებში პროგრესს აღიარებენ. საქართველოსთვის სტატუსის მიცემის მომხრეა უნგრეთის პრემიერიც, რომლის პოზიცია ახლა ევროკავშირისთვის მთავარი დილემაა. ვიქტორ ორბანი კრიტერიუმების ვერ დაკმაყოფილების არგუმენტით უკრაინის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყების კატეგორიული წინააღმდეგია, თუმცა ევროპის ქვეყნების მეთაურებს მისი გადარწმუნების და კონსენსუსის მიღწევის იმედი აქვთ. მაგიდაზე დადებულ გაფართოების პაკეტში ყველაზე რთული თემა სწორედ უკრაინას ეხება. ორბანის პოზიციის შესაცვლელად მას ჯერ კიდევ სამიტის დაწყებამდე ევროკავშირის ლიდერები და წამყვანი ქვეყნების მეთაურები პირადად შეხვდნენ.

რუსეთის აგრესიის ფონზე ევროკავშირის გაფართოებაზე გადაწყვეტილებები და თამამი ნაბიჯები თავად ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა – ასეთია ევროპელი ლიდერების მთავარი გზავნილი.

სალომე ქოქიაშვილი ელოდება ისტორიული სამიტის შედეგებს, სალომე, რა გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ საქართველოზე და რამდენად არის შანსი, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკრაინის საკითხზე უნგრეთის პრემიერთან შეთანხმება მოახერხონ.