ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინში

ევროკავშირის წევრი 27-ივე ქვეყნის პირველი პირი ბრიუსელშია.

უკვე რამდენიმე საათია ევროპული საბჭო საკმაოდ რთულ სხდომას მართავს. განხილვის მთავარი საკითხი არის ევროკავშირის პასუხი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომით გამოწვეულ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაზე. ლიდერების უმეტესობა თანხმდება, რომ არსებულ რეალობაში გაფართოება არის ქმედითი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი ევროკავშირის განკარგულებაში და სტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობასა და უსაფრთხოებაში. საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და ასევე გადადიან თუ არა მოლაპარაკების ეტაპზე მოლდოვასთან და უკრაინასთან. უკრაინის საკითხის დადებითად გადაწყვეტის წინააღმდეგია უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. ბრიუსელში უკვე გაკეთდა განცხადებები საქართველოზე. ლიდერები დადებითად არიან განწყობილი და ამბობენ, რომ ჩვენ შემთხვევაში ყველაფერი კარგად არის, რაც სავარაუდოდ ნიშნავს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მხოლოდ რამდენიმე საათიღა აშორებს.