„ევროპის სახალხო პარტიის“ მოწოდება

„ევროპის სახალხო პარტია“ შეშფოთებულია ცნობებით, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ „ევროპის სახალხო პარტიის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია. „ევროპის სახალხო პარტიაში“ აღნიშნავენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის პრობლემები დააფიქსირა სახალხო დამცველის დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფმა. „საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი მთავრობაა. ეს არჩევანის საკითხი არაა, არამედ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.“ – ვკითხულობთ განცხადებაში. ამასთან ერთად, „ევროპის სახალხო პარტია“ გმობს მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერების ცილისმწამებლურ თავდასხმებს ოპოზიციაზე, სახალხო დამცველზე, დამოუკიდებელ ექიმებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე და მოუწოდებს, „ქართულ ოცნებას“ აღიაროს სიტუაციის სერიოზულობა.  „მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სათანადო კლინიკაში – საქართველოში ან საზღვარგარეთ ჰუმანიტარული მიზნებით, სადაც მას შეუძლია მიიღოს კვალიფიციური მკურნალობა და რეაბილიტაცია“ – ვკითხულობთ განცხადებაში.