ევროპის საბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა. სასახლის წინ იმ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების ვარსკვლავებია განთავსებული, რომლებსაც ევროპის საბჭოს მუშაობაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი, მათ შორის დღეიდან უკვე საქართველოს გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის სახელი და გვარიც იქნება.

ვარსკვლავზე, ზურაბ ჟვანიას სახელთან და გვართან ერთად, პოლიტიკოსის ერთ-ერთი ყველზე ცნობილი ფრაზაა დატანილი – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“.  ეს ფრაზა ზურაბ ჟვანიამ 20 წლის წინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა, მას შემდეგ, რაც ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს გაწევრიანებას.