ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი

საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება. ალენ ბერსე უკვე მეორედ ხვდება საქართველოს პრემიერს. ორდღიანი დატვირთული დღის წესრიგის შემდეგ, დღეს ალენ ბერსე მედიისთვის პირველ განცხადებას გააკეთებს. მისი პრესკონფერენცია 13 საათზეა დანიშნული. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი გუშინ ოპოზიციის და მესამე სექტორის წარმომადგენლებს, ასევე აქციების დროს დაშავებული მედიის წარმომადგენელთა ნაწილს შეხვდა. „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ ბერსესთან შეხვედრაზე უარი თქვა. მიზეზად სტუმრის მხრიდან აქციებზე დაკავებულებთან არ შეხვედრა და ციხეებში არ მისვლა დასახელდა. ვიზიტის პირველ დღეს კი ბერსე პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველსა და ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. პოლიტიკური სპექტრი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს.