ევროპის საბჭო რუსეთს მოუწოდებს, დეპორტირებულთა საქმეზე კომპენსაცია გადაიხადოს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დეპორტირებულთა საქმეზე კომპენსაცია დაუყოვნებლივ გადაიხადოს. საუბარია 10 მილიონ ევროზე. კომიტეტმა საქართველოს მოთხოვნით, ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი განმეორებით შეაფასა და შეშფოთება გამოხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე სახელმწიფოს დაკისრებული თანხა ამ დრომდე არ გადაუხდია.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე კომიტეტმა პირველი გადაწყვეტილება სექტემბერში მიიღო. შესაბამისი თანხა, 2006 წლის შემოდგომაზე, რუსეთიდან, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით გამოდევნილ სულ მცირე, 1500 პირზე უნდა განაწილდეს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.