ევროპის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

კახეთის გზატკეცილის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი გზის – ევროპის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოები თბილისის მერმა მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. თავდაპირველად, ერთი თვის განმავლობაში, გადაიკეტება აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით სავალი ნაწილი და საპირისპირო მიმართულება დროებით გახდება ორმხრივი. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, სამუშაოები თბილისიდან აეროპორტის მიმართულებით განხორციელდება და საპირისპირო მიმართულებაზე სატრანსპორტო ნაკადი ასევე 30 დღით გადაერთვება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება საავტომობილო სავალ ნაწილს, განახლდება ბორდიურები და ტროტუარი, გამყოფ ზოლში მოეწყობა თვალამრიდები.