რეზონანსული აღმოჩნდა საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მაკა ბოჭორიშვილის პირველი შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან. პაველ ჰერჩინსკი ევროპარლამენტის ცალკეულმა დეპუტატებმაც კი გააკრიტიკეს. საუბარია იმ კანონმდებლებზე, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსები არიან. თუ საგარეო უწყების განცხადებას დავეყრდნობით, მინისტრმა ევროკავშირის წევრობისთვის ქვეყნის მზადებასა და ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისადმი ერთგულებას გაუსვა ხაზი. ამავე შეხვედრაზე მინისტრმა ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია საქართველოში ხელოვნური კრიზისის შექმნის წყაროდ შეაფასა. როგორ უნდა ნორმალიზდეს ურთიერთობა, რომელიც ბოლო თვეებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის საკმაოდ დაძაბულია – ეს საუბრის ერთ-ერთი მიმართულება იყო.
შეხვედრისადმი ინტერესს კიდევ უფრო ზრდის ის გარემოება, რომ მომდევნო კვირას ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს საკითხზე უნდა იმსჯელონ. ქვეყანაში ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, ჰერჩინსკიმ ბრიუსელიდან გარკვეული ზომების მიღება დააანონსა.