ევროპაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

რუმინეთის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმისგან გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. სტიქიამ ქვეყნის მასშტაბით ათასობით საცხოვრებელი სახლი დააზიანა. დაზარალებული რაიონებიდან მოსახლეობის გამოსაყვანად სამხედრო ნავებსა და სამხედრო თვითმფრინავებს იყენებენ. სტიქიას ებრძვიან პოლონეთშიც. ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ოთხი მდინარის მიდამოებშია. პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთით მდინარე ბიალამ უსაფრთხოების დონეს ორი მეტრით გადააჭარბა. სტიქიის ზონაში ჩავიდა პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, რომელიც ადგილობრივებს დახმარებას დაჰპირდა. ჩეხეთში კი წყალდიდობის საფრთხე 38 სხვადასხვა ადგილას გამოცხადდა. პრაღაში წყალდიდობის ბარიერები აღმართეს, სანაპიროები კი დაიხურა. ქვეყნის მასშტაბით შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა. უხვი ნალექის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან ავსტრიაშიც, სადაც რეკორდულად ცხელი აგვისტო იყო.