ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე რეზოლუცია დაამტკიცა.

დოკუმენტს 490-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 147 წინააღმდეგი იყო, 49 ევროპარლამენტარმა კი თავი შეიკავა. დოკუმენტის დამტკიცებამდე რეზოლუციის ტექსტი განახლდა და მასში რამდენიმე შესწორება შევიდა. კერძოდ, ერთ-ერთ შესწორებაში ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოში 2025 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები, გაუარესებულ სამართლებრივ გარემოში ჩატარდება, რაც გამოწვეულია 2024 წლის დეკემბერში საქართველოს ორგანულ კანონსა და საარჩევნო კოდექსში ახალი ცვლილებების მიღებით, ქართული რეჟიმის მიერ პოლიტიკური რეპრესიებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნის გაზრდით. ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ოქტომბრის არჩევნებში ნებისმიერის მონაწილეობა ახალი სტატუს-კვოს აღიარებად იქნება გამოყენებული. დოკუმენტის თანახმად ევროპარლამენტს მიაჩნია, რომ მომავალი არჩევნები არ წარმოადგენს შესაძლებლობას, ასახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი, თუ არ გათავისუფლდებიან ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერები და თუ არ გაუწევს ზედამხედველობას დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია. რეზოლუციის პროექტში კიდევ ერთი შესწორება შევიდა, რომელიც ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ეხება. რეზოლუციის ავტორები  აცხადებენ, რომ ამაღლობელის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მას უნდა მოეხსნას ყველა ბრალდება და მხედველობის გაუარესების გამო მიეცეს მკურნალობის საშუალება. რეზოლუცია ხაზს უსვამს საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივი და ყოვლისმომცველი აუდიტის საჭიროებას. ევროდეპუტატები მოუწოდებენ ევროკომისიას, გადახედოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელებას, „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ამავე შეთანხმებაში გათვალისწინებული ზოგადი პრინციპების დარღვევის გათვალისწინებით. რეზოლუცია „მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციების დაწესებისკენ და მოუწოდებს ევროკავშირს, სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით, გაყინოს მისი ფინანსური აქტივები. რეზოლუციაში ასევე საუბარია, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და სალომე ზურაბიშვილისთვის ლეგიტიმაციის გაგრძელების აუცილებლობაზე.