ევროპარლამენტის გადაწყვეტილება - შეფასებები

მეორე დღეა შეფასებების თემაა ევროპარლამენტში მიღებულ „გამჭვირვალობის ახალი წესები“, რომელსაც განსხვავებულად აფასებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიცია. გუშინ ევროპარლამენტის შიდა ბაზრის და მომხმარებელთა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული „ლობირების გამჭვირვალობის შესახებ ახალ წესებს“, რამაც ევროკავშირის ქვეყნები უნდა დაიცვას შესაძლო უცხოური გავლენებისგან. ამ გადაწყვეტილებას ორმაგ სტანდარტად აფასებენ მმართველ გუნდში, სადაც აცხადებენ, რომ სწორედ გამჭვირვალობის კანონის გამო, საქართველოს მისამართით, ევრობიუროკრატების მხრიდან არაერთი უსაფუძვლო ბრალდება ისმის. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ფიქრობენ, რომ ევროკავშირის მიერ ინიცირებული გამჭვირვალობის კანონპროექტს, საერთო არაფერი აქვს საქართველოში მიღებულ რუსულ კანონთან. ევროპარლამენტში განხილული პროექტი ვრცელდება ანაზღაურებად ლობირებაზე, რაც ევროკავშირის პოლიტიკაზე გავლენას ისახავს მიზნად, თუმცა არ ვრცელდება სამთავრობო, დიპლომატიურ, მედია, იურიდიულ და აკადემიურ საქმიანობაზე. სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსება, რომელიც ლობირებასთან არ არის დაკავშირებული, გამონაკლისია. თითოეული ქვეყანა შექმნის ლობისტების რეესტრს, რომელსაც დამოუკიდებელი ორგანო მართავს. „მოქალაქეებმა ეს მოითხოვეს – მათ სურთ იცოდნენ, ვისი ხმა და ფული განსაზღვრავს კანონებს. ევროპელთა 81% შეშფოთებულია მესამე ქვეყნების ფულის გავლენით“ – განაცხადეს ევროპარლამენტში.