ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიში - გამოხმაურება

რასა იუკნევიჩიენეს ავტორობით, საქართველოზე მომზადებულ მორიგ კრიტიკულ ანგარიშს, მწვავე კრიტიკით პასუხობს მთავარი ადრესატი – მმართველი პარტია. „ქართულ ოცნების“ შეფასებით, ანგარიში, რომელსაც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი გუშინ დაუჭირა, სიცრუეზეა დაფუძნებული და ყურადღებას არ იმსახურებს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც დოკუმენტში სამი კერძო ტელეკომპანიის სანქცირებაა მოთხოვნილი. მმართველ გუნდში ჩანაწერს ცენზურად და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აცხადებენ. რასა იუკნევიჩიენეს ავტორობით მომზადებულ დოკუმენტში უარყოფითად ფასდება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, საუბარია დემოკრატიის სწრაფ უკუსვლაზე და მოთხოვნილია „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანთა სანქცირება.