ევროპარლამენტის რეზოლუცია – შეფასებები
კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია, სახელწოდებით – „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ – დოკუმენტი ხელისუფლებას, „სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფისა და პასუხისმგებელი პირების სანქცირებისკენ მოუწოდებს“. გუშინვე რეზოლუციას დაემატა შესწორება, რომლითაც ევროპარლამენტარები: მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და მზია ამაღლობელის, ასევე, „ყველა დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტის გათავისუფლებასაც ითხოვენ“. გარდა ამისა, რეზოლუციაში შევიდა შესწორება სანქციებთან დაკავშირებითაც. დოკუმენტის სულისკვეთებას სრულად ეთანხმებიან და ქმედით ნაბიჯებს ელიან ოპოზიციაში. მმართველი გუნდი კი დასავლეთს ორმაგი სტანდარტების გატარებაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ გუშინ დაამტკიცეს.