ევროპარლამენტის რეზოლუცია საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვაზე შეზღუდვების დაწესების ინიციატივით გამოდის

ევროპარლამენტმა საუდის არაბეთთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი ევროგაერთიანების საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელს, ფედერიკა მოგერინის მოუწოდებს, წევრი ქვეყნების მხრიდან საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვაზე შეზღუდვები დაწესდეს.

„ევროკავშირი უმკაცრესად გმობს იემენში მიმდინარე ძალადობას და მოქალაქეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს, რაც ომის დანაშაულს წარმოადგენს”, – წერია რეზოლუციაში.

დოკუმენტი ფედერიკა მოგერინის ასევე მოუწოდებს, სწრაფად წარადგინოს ევროკავშირის საერთო სტრატეგია იემენთან მიმართებით. რეზოლუციას მხარი 539-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13 წინააღმდეგი იყო, 81-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.