ევროპარლამენტის რეზოლუცია და დავით ზალკალიანის განცხადება 

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე რუსეთ-ევროკავშირის პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ რეზოლუცია მიიღეს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

რეზოლუციის ავტორი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსია. დოკუმენტს 494 დეპუტატმა მისცა ხმა, 103 წინააღმდეგი იყო, 72-მა თავი შეიკავა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმი საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას საკუთარი ხალხის ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევებითა და საგარეო პოლიტიკაში აგრესიული ქმედებებით, მათ შორის, ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებებითა და სამხედრო ძალის გაძლიერებით; ყირიმის უკანონო და ძალადობრივი ოკუპაციითა და ანექსიით; უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევითა და დესტაბილიზაციით; გაყინული კონფლიქტების მხარდაჭერითა და უკრაინასა და საქართველოში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების უპატივცემულობით;  რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთის სხვადასხვა აგრესიულ ქმედებებზე, მათ შორის 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაზე ევროკავშირის მხრიდან ადეკვატური რეაგირების არქონამ რუსეთს უბიძგა, გაეგრძელებინა აგრესიული სამხედრო და პოლიტიკური კამპანიები როგორც სამეზობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ევროკავშირმა მკაფიო უნდა გახადოს, რომ რუსეთთან ჩვეულებრივი ურთიერთობები ვერ აღდგება, ვიდრე ის არ შეწყვეტს აგრესიულ პოლიტიკას და ჰიბრიდულ ომს ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორების“ წინააღმდეგ და ვიდრე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება. ამისთვის ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს, რომ სანქციები ძალაში დარჩეს, ვიდრე რუსეთი მათი გაუქმებისთვის პირობებს არ შეასრულებს.

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღებას წინ უსწრებდა დებატები, სადაც ევროდეპუტატებმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმეს.

„ევროპარლამენტის ანგარიში მკაფიოდ მიუთითებს, რომ საქართველო მაღალ დონეზე დგას ბრიუსელის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანის შეფასებით, პირველად ხდება, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ევროკავშირის რუსეთთან ნორმალური სამუშაო ურთიერთობის წინაპირობად ასახელებს.