ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებული მძიმე შინაარსის კიდევ ერთი რეზოლუცია მიღებულია.

400 ხმით დამტკიცდა ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული და შეჯერებული დოკუმენტი, სადაც ბოლო თვეებში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ საკმაოდ მწვავე შეფასებები და ფორმულირებებია. რეზოლუციაში აღიარებული არ არის ხელისუფლების ლეგიტიმაცია, გაყალბებულადაა მიჩნეული საპარლამენტო არჩევნები და მოთხოვნილია ახალი არჩევნების ჩატარება უახლოეს თვეებში. ევროპარლამენტარები არსებულ სიტუაციას პოლიტიკურ კრიზისად მიიჩნევენ, ხელისუფლებას მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობაში ადანაშაულებენ და საერთაშორისო საზოგადოებას მმართველი გუნდის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებენ. რეზოლუციის ტექსტის ნაწილი სასანქციო პოლიტიკას გამკაცრებას ეხება. დეპუტატები კონკრეტული პირების დასანქცირებას ითხოვენ. ძალაში რჩება ჰუმანიტარული საფუძვლით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც.

ოპოზიცია მმართველ პარტიას რეზოლუციის პუნქტების შესრულებას ურჩევს. წინა შემთხვევების მსგავსად, ამჯერადაც საკმაოდ მძაფრია რეაქცია „ქართული ოცნების“ მხრიდან. ხელისუფლება დოკუმენტის შინაარსს მიღმა ე.წ. დიფ სთეითის გავლენებს ხედავს. კრიტიკული გზავნილები და მოწოდებები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად ფასდება.