ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუცია საქართველოზე

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი რასა იუკნევიჩიენეს მიერ იყო წარდგენილი. რეზოლუციის ავტორები, კიდევ ერთხელ ითხოვენ სააკშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაშვებას. რეზოლუციის ავტორები ასევე ამტკიცებენ, რომ საქართველო სისტემატურად არ ეთანხმებოდა უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივებს. ამასთან, მათი შეფასებით, საქართველო ჯერ კიდევ არ არის თანხვედრაში რუსეთის, ბელარუსის და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების უმრავლესობასთან. ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას, იმის გამო, რომ მათი შეფასებით, საქართველოს პორტების, ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურისა და ნავთობის გადამტვირთავი ობიექტები, შეიძლება გამოიყენონ რუსული ნავთობპროდუქტების რეექსპორტის ან შერევის ხელშესაწყობად საერთაშორისო სანქციების რეჟიმების გვერდის ავლის მიზნით.  ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწესებული მიზანმიმართული პერსონალური სანქციები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება.  რეზოლუციის ავტორები მიიჩნევენ, რომ ქართული ტელეკომპანიები „ტვ იმედის“, PosTV-ის და „რუსთავი 2“-ის ევროკავშირის წინააღმდეგ მტრული პროპაგანდის გავრცელებას ახდენენ და მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს გადახედონ ასეთი მედია საშუალებების აკრედიტაციას ევროკავშირის ინსტიტუტებში და მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მიბაძონ გაერთიანებული სამეფოს მაგალითს და მიიღონ შესაბამისი შემზღუდველი ღონისძიებები. რეზოლუციის ავტორები, ასევე ითხოვენ ევროკავშირის გლობალური ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმის ფარგლებში, სანქციების სიაში შეიტანონ საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი პირები.