ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუცია
ევროპარლამენტის უკვე მეშვიდე კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ.
გაუქმდეს პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი და დაწესდეს ინდივიდუალური სანქციები ხელისუფლების წინააღმდეგ – ასეთია საათების წინ დამტკიცებული რეზოლუციის მთავარი გზავნილები. კიდევ ერთხელ მოთხოვნილია მიხეილ სააკაშვილის და ყველა იმ პატიმრის გათავისუფლება, რომლებსაც დოკუმენტის მხარდამჭერი დეპუტატები პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ. დიქტატურის დამყარების მცდელობა, რეპრესიები, დემოკრატიის განადგურება, პუტინიზმისკენ სვლა – ასეთი მწვავე შეფასებებითაა სავსე 70-მდე ევროპარლამენტარის მიერ მომზადებულ დოკუმენტი. რეზოლუციის ავტორები ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე არ რეაგირების და უმოქმედობის გამო საყვედურობენ. ყველა კრიტიკული შინაარსის ჩანაწერი რეზოლუციის კენჭისყრაზე გატანამდე სხდომათა დარბაზში სიტყვიერად გაჟღერდა – დებატების დროს „ქართული ოცნებისადმი“ კრიტიკულად განწყობილი და წინა ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ევროპარლამენტარები განსაკუთრებით აქტიურობდნენ. ძირითადი აქცენტი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმაზე გაკეთდა, რაზეც დეპუტატები დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ. რეზოლუციის საბოლოო ტექსტში არ გაითვალისწინეს არც ერთი შესწორება იმ ევროპარლამენტარებისგან, რომლებსაც კოლეგებმა საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე და შერჩევით აღშფოთებაზე მიუთითეს.