ევროპარლამენტის გადაწყვეტილება

ევროპარლამენტმა 418 ხმით მხარი დაუჭირა დოკუმენტს, რომელიც მოუწოდებს ევროკომისიას, გაყინოს სლოვაკეთისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან გადახდები, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული ვითარებისა და ევროკავშირის ფინანსური ინტერესებისთვის შექმნილი საფრთხის გამო. სლოვაკური მედიის ინფორმაციით, დოკუმენტი, რომელიც გერმანელმა ევროპარლამენტარმა მოამზადა, ევროკომისიას ოფიციალურად მოუწოდებს, ე.წ. პირობითობის მექანიზმი პირველად გამოიყენოს და ევროკავშირის ბიუჯეტიდან სლოვაკეთის დაფინანსება შეწყვიტოს. გავრცელებული ცნობით, ევროპარლამენტარებმა აღნიშნულ დოკუმენტს მხარი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მთავრობის პოლიტიკის გამო დაუჭირეს, რომელმაც ქვეყანაში კანონის უზენაესობასა და ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებს საფრთხე შეუქმნა. მართალია, ევროპარლამენტმა დოკუმენტს მხარი დაუჭირა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თანხების გაყინვა და დაფინანსების შეჩერება უკვე იწყება. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკომისიამ და წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ, თავად პროცედურა კი – შესაძლოა, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს.