ევროპარლამენტის ანგარიში და გრიგოლ ვაშაძის პოზიცია

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ევროპარლამენტის დეპუტატის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული დადებითი მოხსენების შეცვლას ითხოვს.

გრიგოლ ვაშაძე ბრიუსელშია და კონსულტაციებს მართავს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი მამიკინსის დასკვნას მწვავედ აკრიტიკებს და მის ავტორს ევროპარლამენტის შეცდომაში შეყვანის მცდელობაში სდებს ბრალს.

პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის აზრით, ანგარიშში რამდენიმე ცვლილება უნდა შევიდეს, მათ შორის ორი საკითხი ტელეკომპანია „რუსთავი ორს“ და სასამართლო სისტემას ეხება.

დოკუმენტი, რომელიც ოპოზიციის გაღიზიანების მიზეზი გახდა, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ლატვიელი დეპუტატის, ანდრეი მამიკინსის სახელით წარადგინეს.

მოხსენებაში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესზეა საუბარი და ძირითადად პოზიტიურ შეფასებებს მოიცავს.